გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე ძირითად საგანში მაქსიმალური ქულები მიიღეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე, აბიტურიენტთა პირველად შედეგებს აქვეყნებს. დღეს გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც სამივე ძირითად საგანში მაქსიმალური ქულის მიღება შეძლეს:
ელენე კაპანაძემ გურამ რამიშვილის სახელობის თბილისის მე-20 საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას ჰუმანიტარული მიმართულებით აპირებს. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გერმანულ ენასა და ისტორიაში უმაღლესი ქულების მიღება შეძლო და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვშრომობდი, სამივე საგანში მაქსიმალური ქულის ნახვამ მაინც გამაკვირვა. ვფიქრობ, მომზადების განსხვავებული სტრატეგია მქონდა და ისეთი ხერხებით ვსწავლობდი, რომლებიც თავად მეკომფორტულებოდა. მჯერა, რომ რამეს შესასწავლად ერთი რომელიმე სწორი ხერხი არ არსებობს. ყველამ, ინდივიდუალურად, ეფექტური მიდგომა თავად უნდა იპოვოს. ასე მიზნისკენ სვლა ბევრად მარტივია.
წიგნების კითხვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულის მიღებაში ეს ძალიან დამეხმარა. ჩემი ესსეების უპირატესობაც ის იყო, რომ ბევრი პარალელის გახსენება შემეძლო.
უცხოურ ენად გერმანული ჩავაბარე. ჩემი სკოლა გერმანულ ენაში სპეციალიზებული სკოლაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანული გაძლიერებულად ისწავლება. დამატებით რეპეტიტორთან არ ვემზადებოდი. გამოცდაზე მხოლოდ სკოლაში გავლილი პროგრამით გავედი. ვიცოდი, რომ ტესტს კარგად გავუმკლავდებოდი, მაგრამ რაკი გამოცდა იყო და სპეციფიკას ზუსტად არ ვიცნობდი, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მაქსიმალურ ქულას მივიღებდი.
წელს აბიტურიენტობა ისტორიამ გამილამაზა. ეს საგანი ძალიან მიყვარდა. ასევე, ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს და ამან, ალბათ, გადამწყვეტი როლი ითამაშა მაშინ, როდესაც მესამე საგანს ვირჩევდი. გარდა ამისა, მოვლენების დაკავშირებითა და სიღრმისეული გაანალიზებით მოვახერხე, რომ მთელი მასალა კარგად ამეთვისებინა. მასწავლებელთან მეცადინეობის პარალელურად, დამოუკიდებლადაც ბევრს ვკითხულობდი, რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან გამომადგა.
ვფიქრობ, პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა დამეხმარა, რომ სასურველი შედეგისათვის მიმეღწია. არ ვიცი, მომავალ აბიტურიენტებს რა რჩევა გამოადგებათ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გავიმეორო: “სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა.”
მაქსიმე პაპავამ პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას სამართლის მიმართულებით გეგმავს. მან როგორც ისტორიაში, ასევე ქართულსა და ინგლისურში მაქსიმალური ქულების მიღება შეძლო და ახლა აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
– ვფიქრობ, სისტემატურად შრომა რეალურად მთავარი მიზეზია იმისა, რომ მაღალი შეფასება მივიღე. ისტორია განსაკუთრებით მიყვარს. ჩემს მასწავლებელს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, მის გარეშე ამ შედეგს ვერ მივაღწევდი. დამოუკიდებლად, ინტერნეტშიც ვეძებდი საინტერესო საკითხებს. სტატიებს ვკითხულობდი, You-Tube-ზე ვიდეოებს, ფილმებს ვუყურებდი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შრომისმოყვარეობა აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ 3 საგანში გარკვეული ნიშანი ყველაფერს არ წყვეტს. გაცილებით მეტია ცხოვრება. შესაბამისად, მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, შეეცადეთ, შეფასებების შესახებ ნაკლებად ინერვიულოთ. თუმცა, კარგი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია, სწავლასაც დიდი დრო დავუთმოთ. ვფიქრობ, ისტორიის ტესტი უფრო მეტად ლოგიკურ აზროვნებაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, თუ აბიტურიენტებს იმის ეშინიათ, რომ თარიღებს კარგად ვერ იმახსოვრებენ ან ისტორიული პიროვნებები ავიწყდებათ, ეს გამოცდაზე განმსაზღვრელი ფაქტორი არ არის. ეცადეთ, საკითხები გააზრებულად ისწავლოთ. რაც შეეხება სხვა საგნებს, ინგლისურს დიდი ხანია, ვსწავლობ. ის საერთაშორისო ენაა და ამიტომაც, ინტერნეტი და იქ არსებული კომუნიკაცია შედეგის მიღწევაში დამეხმარა. რა თქმა უნდა, უმაღლესი შეფასების მიღებაში ჩემს მასწავლებელს განსაკუთრებული როლი აქვს. ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზოგადი განათლება და სიტყვათა მარაგი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც, ვფიქრობ, მხოლოდ 1 წლის მომზადებით არ მიიღწევა. ამიტომ, აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ თავიანთი შედეგის გასაუმჯობესებლად რაც შეიძლება მეტი კლასგარეშე ლიტერატურა