პენსია იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე რამდენიმე დღის წინ გამოაცხადეს – რომელ კატეგორიას დაემატა თანხა?
მომავალი წლიდან 70 წლამდე პენსიონერებისთვის ასაკობრივი პენსია 335 ლარის ნაცვლად, 350 ლარი გახდება. ამის შესაბამისი ცვლილება 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახა. გამოდის, რომ სულ რამდენიმე თვეში პენსიონერთა პენსია იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე თავიდან ითქვა.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვერსიაში, 70 წლამდე ასაკობრივი კატეგორიისთვის პენსიის 20 ლარით, 335 ლარამდე გაზრდა იყო ჩადებული, თუმცა მთავრობამ იგი კიდევ 15 ლარით გაზარდა.
ამასთან ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 400 ლარზე მეტს მიიღებენ.
რაც შეეხება სხვა ასაკობრივ კატეგორიას, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება.
ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ პენსიების ზრდა უდავოდ კარგი ამბავია, თუმცა მაღალი ფასების და ინფლაციის პირობებში არასაკმარისია, მაგრამ იქვე იმასაც დასძენენ, რომ ბიუჯეტს პენსიების მკვეთრად ზრდის საშუალება არ აქვს
როგორც აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ აღნიშნა, მართალია, უმეტესობისათვის პენსია საკმარისი არ არის, თუმცა წლების განმავლობაში პროგრესია.
„ეს საკითხი წყდება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის შესაბამისად. რა მდგომარეობაშიც არის ქვეყანა იქიდან გამომდინარეობა ყველა ნაბიჯის გადადმა. შესაბამისად, მდიდარ სახელმწიფოებში საპენსიო ანაზღაურება გაცილებით მეტია, ჩვენი დონის ქვეყანაში კი არის უფრო ნაკლები და კიდევ უფრო დაბალიც არის საქართველოზე ღარიბ სახელმიწფოებში.
საერთოდ, ეს მიმართულება უაღრესად საკვანძო საკითხია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ რომ საპენსიო ასაკშია. ამიტომ შეუძლებელია, რომ ეს არ იყოს საკვანძო საკითხი და თან პრიორიტეტულთა შორის პრიორტეტული.
ჩვენ ყოველთვის უნდა ვიმოძრაოთ მდგომარეობის მაქსიმალურად გაუმჯობესებისკენ. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მასზე ზრუნავენ. ბუნებრივია, რომ უმეტესობისათვის საკმარისი არ არის პენსიის ოდენობა მაღალი ფასების და ინფლაციის პირობებში, თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ წლების განმავლობაში გარკვეული სახის პროგრესი გვაქვს სახეზე.
ვფიქრობ, ინფლაციის კომპენსირება პენსიების ზრდით უნდა მოხდეს. ზოგადადაც ასე უნდა იყოს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, პენსიონრებზე უნდა გაიწეროს. რა თქმა უნდა, განვითარებული ქვეყნების დონისგან შორს ვართ, მაგრამ თუ მივდივართ დასავლეთისკენ, ბუნებრივია, უნდა იყოს პროგრესიც.
უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანობის პირობებში ეკონომიკამ უდა მოგვცეს პენსიების მეტად ზრდის საშუალება. სამწუხაროდ, ახლა არ გვაძლევს ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა სოციალური გასაცემლების მკვეთრი მატების საშუალებას. თავად ეკონომიკამ უნდა შექმნას ამის შესაძლებლობა.
პენსიის თავდაპირველად დაანონსებულზე მეტად ზრდა, რა თქმა უნდა, დადებითი მომენტია. გასაგებია, რომ საკმარისი არ არის, მაგრამ მორიგი ნაბიჯი გადაიდა, ეს ძალიან კარგია”, – განაცხადა „რეზონანსთან” ავთო სილაგაძემ.
2019 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ასაკობრივი პენსიის ზრდა უკავშირდება სპეციალურ ფორმულას. 70 წლამდე პირებისთვის ესაა მხოლოდ ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციაზე მიბმული, ხოლო 70 წელს ზემოთ პირებისთვის კი პენსიის ყოველწლიური გადახედვა მიბმულია როგორც ბოლო 12 თვის ინფლაციაზე, ასევე ბოლო 4 კვარტალის საშუალო ეკონომიკურ ზრდაზე. ამასთან, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ 70 წლამდე პირებისთვის პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 20 ლარით გაზარდოს, ხოლო 70 წელზე უფრო ხანდაზმულებისთვის კი პენსია ყოველწლიურად არანაკლებ 35 ლარით უნდა გაიზარდოს.
საქართველოში ასაკობრივ პენსიას 838,1 ათასი ადამიანი იღებს. პენსიონერების საერთო რაოდენობიდან მამაკაცია 242,1 ათასი და ქალი – 596 ათასი. პენსიონერების ძირითადი ნაწილი 75 წლამდე ასაკისაა.
საქართველოში 90 წელს ზემოთ 11,8 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, საიდანაც 2,7 ათასი მამაკაცია და 9,1 ათასი – ქალი.
პენსიონერების თითქმის მეოთხედი ცხოვრობს თბილისში, მეორე ადგილზეა იმერეთი, ხოლო მესამეზე – სამეგრელო-ქვემო სვანეთი. ყველაზე ნაკლები პენსიონერი ცხოვრობს გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი – ზემო სვანეთში.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს – 65 წლიდან.
გარდა ასაკობრივი პენსიისა, 2025 წელს გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.