“ჩემი დროშა რომ არის ქართული, ამით ძალიან ამაყი ვარ” – დავით ნინიაშვილის უმშვენიერესი შეყვარებული, რომანტიკული ხელის თხოვნა და ცხოვრების მთავარი დევიზი
ქართული რაგბის ახალგაზრდა ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი და მისი რჩეული ლინდა ინაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული წყვილია. დავითი წარმატებული სპორტსმენია, ლინდა კი look models-ის მოდელია. წყვილი გასულ წელს დაინიშნა.
“ყველასთვის უცნობმა ქართველმა თინეიჯერმა თავისი ნიჭით მოკლე ხანში გააოცა სარაგბო ევროპა”; “მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ “სეზონის აღმოჩენა”, – ასე ახასიათებდა ფრანგული გაზეთი “მიდი ოლიმპიკი” დავით ნინიაშვილს.
“რაგბიში არ არსებობს მე, არსებობს მხოლოდ – ჩვენ და მიზანი, რომლისკენაც ერთად მივისწრაფით”
დავით ნინიაშვილი 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა . მან პირველი საერთაშორისო ლელო გაიტანა რუსეთის წინააღმდეგ 2021 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე. 2021 წელს მან ლიონთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
- სპორტსმენი ყველაზე გულწრფელი ემოციებით – უტა აბე
- ქართველი ძიუდოისტი უცხოური ჟურნალის გარეკანზე – გაიცანით, ნიკოლოზ შერაზადიშვილი
“ყურადღების ცენტრში ყოფნა ხელს არ მიშლის. ისეთი ხასიათი მაქვს, თუ დამიჯერებთ, პოპულარობას ყურადღებას არ ვაქცევ. მიმაჩნია, რომ თუ რომელიმე ახალგაზრდა სპორტსმენს პოპულარობა “თავში აუვარდა”, ესე იგი, მცირედით დაკმაყოფილებულა! მე სხვანაირად მაქვს დალაგებული მიზნები და იმ მწვერვალამდე თუ მივედი, მერე სხვა მწვერვალებსაც გამოვნახავ…”
მისი დებიუტი ტოპ 14-ში შედგა 2021 წლის 18 სექტემბერს პერპინიანის წინააღმდეგ. ნინიაშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ლიონის წარმატებაში, დაეხმარა გუნდს ჩელენჯ თასის მოგებაში, ისტორიაში მათი პირველი ევროპული ტიტული.
“ჩემი დროშა რომ არის ქართული, ამით ძალიან ამაყი ვარ. ნებისმიერ ქართველს შეუძლია, რომ საქართველო ნახევარი ნაბიჯით მაინც წასწიოს წინ. მე მოედანზე ქვეყნის ჯარისკაცი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ მოედნის ომი მოვიგო. ჩემი გადმოსახედიდან მწვერვალი არ არსებობს – თუ მწვერვალზე ახვედი, გაჩერებული ხარ, გამოდის. მწვერვალი ცასავით უნდა იყოს – გინდა, რომ მისწვდე, მაგრამ ვერასდროს წვდები…”
ცოტა ხნის წინ ნინიაშვილის მიმართ ფრანგული გრანდების, “ტულონისა” და “ლა როშელის” ინტერესზე გახდა ცნობილი. დათუნამ “ლიონში” კიდევ ერთ წელიწადს უნდა ითამაშოს. ამ კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის ნინიაშვილი ნებისმიერ გუნდს დაუთმოს, ოღონდ, სანაცვლოდ 500 ათას ევროს ითხოვს.
“სხვანაირად არ გაიგოთ, მაგრამ არასდროს ვარ ჩემი თავით კმაყოფილი. რაც უნდა მაგარი რაღაც გავაკეთო, მოედნიდან გასვლისას მაინც იმაზე ვფიქრობ, რა დავაკელი, რა შეცდომა დავუშვი… შარშანდელი სეზონისგან მეტი მინდოდა და ახლა უფრო მეტი მინდა!”
დათუნა დღეს რაგბის ვარსკვლავია, მას იცნობენ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც ამ სპორტს გულშემატკივარი ჰყავს. თავად დათუნა იხსენებდა, რომ ბავშვობაში სპორტის სხვადასხვა სახეობით იყო დაკავებული, თუმცა როცა რაგბის ვარჯიში დაიწყო, მიხვდა, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც ყოველთვის სურდა. ახლა ეს სპორტი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია: “რაგბიზე მეტად რამე მიყვარდეს?! არ არსებობს”, – ამბობდა სპორტსმენი.
დათუნას კარიერაში დიდი როლი ბიძამ იქონია: “შალვა ჩუბინიძე, დედაჩემის ძმა თვითონაც ძალიან სპორტული ადამიანია და ყოველთვის უნდოდა, რომ მეც მევლო სპორტზე. მახსოვს, რომ ჩემპიონატებზე როცა გავდიოდი, ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ფეხზე იდგა და მქომაგობდა მთელი გულით. დარბაზში მიყვიროდა ტრიბუნიდან, ასე გააკეთე, არ დანებდეო… რომ გამოვდიოდი, მეუბნებოდა, რა ვერ გავაკეთე და შთამაგონებდა, რომ ეს უკვე წარსული იყო და მომავლისკენ გამეხედა”, – ამბობდა დათუნა.
ლინდა ინაშვილი და დათუნა ნინიაშვილი
ლინდა ინაშვილი და დათუნა ნინიაშვილი 2023 წლის ოქტომბერში დაინიშნნენ. დათუნასა და ლინდას ულამაზესი წყვილი დიდი სიყვარულით სარგებლობს, მათი ნიშნობის ფოტოები კი ვირუსულად ვრცელდებოდა. მუხლზე დაჩოქილი დათუნასა და უმშვენიერესი ლინდას კადრებს შეხვდებოდით ყველგან – ფეისბუკზე, ინსტაგრამზე, ტიკტოკსა და ბირეალზე.
ლინდა და დათუნა სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებენ. მიუხედავად იმისა, რომ დათუნა ყველა სპორტული და არამხოლოდ გამოცემის სასურველი სტუმარია, ის პირად ცხოვრებაზე თითქმის არასდროს საუბრობს. წყვილს ოფიციალური ქორწილი ჯერ არ ჰქონია.
“მეტი მოსთხოვე შენს თავს, მეტი გააკეთე და მეტისკენ წადი – შრომა ყოველთვის ფასდება ბოლოს!”
“არასდროს შეწყვიტო განვითარება და ეცადე, ყოველ დღე უკეთესი იყო!” – ეს საამაყო ქართველი სპორტსმენის, დათუნა ნინიაშვილის ცხოვრების მთავარი დევიზია.